ახალი ამბები

„ღვინის გზა“

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტს ,,გაიცანი საქართველო’’ აგრძელებს. მედიის 30 მდე წარმომადგენელი კახეთის რეგიონს კიდევ ერთხელ ეწვია. ჟურნალისტებმა წინანდალში ჭავჭავაძეების საგვარეულო მუზეუმი, ინგლისელი მებაღის მიერ მე19 საუკუნეში აშენებული დასასვენებელი პარკი და სიყვარულის ხეივანი დაათვალიერეს, თელავში ირაკლი შიოშვილის ოჯახში ჭაჭის გამოხდის რიტუალს ,,ზავოდობას’’ დაესწრნენ და კომპანია ,,შუმის“ ღვინის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ერთ-ერთი ექსპონატი 6000 წლისაა. ჟურნალისტებმა ასევე ადგილობრივი კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რთველი დასრულებულია, კახეთი ტურისტებისთვის გვიანი შემოდგომის პერიოდშიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რეგიონია. ,,ჩვენთვის თანაბრად პრიორიტეტულია, როგორც საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა და ამ მხრივ 2016 წელი ნამდვილად რეკორდულია, ისე შიდა ტურიზმის სტიმულირება. ჩვენი ქვეყანა ოთხივე სეზონზე ლამაზი და საინტერესოა დასათვალიერებლად, მათ შორის კახეთი, გვიანი შემოდგომა კახეთში- ულამაზესი და უნიკალური პერიოდია , ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს,რომ იმოგზაურონ საქართველოში და იმოგზაურონ კახეთში. ‘’- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. წელს ჟურნალისტები ,,გაიცანი საქართველოს“ მე13 ტურში იმყოფებოდნენ. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

 

[წყარო:  www.gnta.ge]